მამუკა მდინარაძე - მორატორიუმი შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული
მამუკა მდინარაძე - მორატორიუმი შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო მსჯავრდებულთა შეწყალებების თაობაზე ამგვარი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რამდენად რთული პროცესი იქნება, თუ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გარკვეულ შეზღუდვაზე დაიწყება მსჯელობა.

„ეს სამართლებრივად ცალკე პრობლემაა. იურიდიული ლოგიკა კონსტიტიციიდან სხვანაირად გამოდის. სამართლებრივ საკითხზე ბევრი კონსულტაცია დაგვჭირდება, რომ გარკვეული ნორმა შეეხებოდეს კრიტერიუმს, შეზღუდვას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ამ საკითხზე მსჯელობა და დისკუსიის გახსნა მოგვიწევს და ეს იქნება წმინდა სამართლებრივი დისკუსია“, – განაცხადა დეპუტატმა.

მდინარაძის თქმით, ამასთან, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი თავის მხრივ, შესაძლოა, პრობლემაც იყოს.

„რაც შეეხება მორატორიუმს, ეს თავის მხრივ, შესაძლოა, პრობლემასაც წარმოადგენდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის უფლება, ასევე არის მსჯავრდებულის უფლება, იყოს შეწყალებული. ეს შეიძლება, გარკვეულ პრობლემებს ქმნიდეს, თუმცა იმედია, ეს დიდი ხანი არ გაიწელება და შევთანხმდებით, როგორ დაიხვეწოს მიდგომა და პროცედურა და სამართლებრივად გაიწეროს თუ არა. დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო ამდაგვარი გადაწყვეტილებები. როცა პოლიციელის მკვლელის შეწყალების ამბავი გახმოვანდა, მეორე დღესვე ვთქვი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტება უნდა გაეკეთებინა”, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.