მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილის განცხადება სპეკულაცია იყო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, სააკაშვილის მხარდაჭერის „გაპრავებას“
მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილის განცხადება სპეკულაცია იყო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, სააკაშვილის მხარდაჭერის „გაპრავებას“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სპეკულაციად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მარგველაშვილის მხრიდან სააკაშვილის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერასა და მთელი თვის განმავლობაში მისი უდანაშაულობის მტკიცებას ვერანაირი პრესკონფერენცია და აქცენტების სხვა თემებზე გადატანა ვერ გაამართლებს.

„მარგველაშვილი ცდილობს, აქცენტები სხვა საკითხებზე გადაიტანოს. 80-ზე მეტი თანამდებობის პირი პასუხისგებაშია მიცემული, ვინც სისტემის ნაწილი იყო და დანაშაული აქვს ჩადენილი. გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაშია მიცემული ცხრა პირია.

ამასთან, მარგველაშვილი როგორც იქნა მიხვდა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები საჭიროა და ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარეობს, თუმცა მას ავიწყდება, რომ მის მიერ მხარდაჭერილი სააკაშვილი ასევე არის სისტემის ნაწილი და შემოქმედი. ძალიან სამწუხაროა, რომ მოქმედი პრეზიდენტი ამას მხარს უჭერს და სააკაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს.

დღევანდელი განცხადება წმინდა წყლის სპეკულაცია იყო და მხოლოდდამხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ აქცენტი სხვა თემებზე გადაიტანოს და ამით სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა „გააპრავოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.

როგორც ცნობილია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, სახელწოდებით „გირგვლიანის შესწორებები“.

ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.