მამუკა მდინარაძე - გედევან ფოფხაძე ჩვენი გუნდის წევრია, მისი გადაწყვეტილება შეცდომა იყო
მამუკა მდინარაძე - გედევან ფოფხაძე ჩვენი გუნდის წევრია, მისი გადაწყვეტილება შეცდომა იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას ნაჩქარევს და შეცდომას უწოდებს. როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის არგუმენტი ის იყო, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა.

„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ნაჩქარევი და შეცდომაა იყო. კაკაბაძისთვის მხარი არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, ეს საშუალება უმცირესობისთვის არ წაერთმია.

არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა სხვამ დატოვოს და იგივე შეცდომა დაუშვას. გედევან ფოფხაძე ჩვენი გუნდის წევრია, მისი გადაწყვეტილება შეცდომა იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გედევან ფოფხაძემ დღეს პირველ არხს განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება. ფოფხაძემ პარლამეტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ნინია კაკაბაძეს მხარს ვერ დაუჭერდა.  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.