მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ჭეშმარიტებას ფარდა აეხდებოდა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხეს 
მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ჭეშმარიტებას ფარდა აეხდებოდა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხეს 

„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ სიმართლეს დაადგენდა და ჭეშმარიტებას ფარდა აეხდებოდა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხეს და ეს არ არავის არ უხარია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის ფარგლებში ისეთი ვერსია ვერ დადგინდა, რომელიც რეალობასთან ცოტა ახლოს იქნებოდა და გამოძიებისგან კი განსხვავებული.

მდინარაძის ინფორმაციით, ​საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დადგენილების ახალ დოკუმენტს წარმოადგენენ, რომელიც მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტისგან განსხვავებით, გაცილებით ობიექტური იქნება“.

„მოლოდინიც არასწორი იყო, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით. ამის გადასაფარად პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა მოუწიათ, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. დადგენილების პროექტზე ვიმუშავებთ, რომელიც ობიექტურობასთან გაცილებით ახალი იქნება, ვიდრე მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური დოკუმენტი. ერთადერთი რისი უფლებაც შეიძლება თავს მივცეთ, არის ის, რომ მაქსიმალურად ობიექტურად ის გარემოებები დავაფიქსიროთ, რაც უტყუარად დადასტურებულია და რომელიმე მხარის პოზიციას არ წარმოადგენს.

ვნახეთ, რომ ჩვენი და „ევროპული საქართველოს“ დასკვნები აღწერილობით ნაწილში დაემთხვა, ანუ, ერთი და იმავე გარემოებები იქნა დადგენილი, მაგრამ მათი აღწერილობითი ნაწილის შეფასება განსხვავებულია.

აქედან გამომდინარე, ხარვეზებზე ვისაუბრებთ, რომელიც მართლაც იყო. ასევე გამოძიების სერიოზულ მინუსებზე, რომელსაც სერიოზული რეფორმა სჭირდება. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რომ სერიოზული ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში. ამასთან, საუბარი იქნება კონკრეტული გადაწყვეტის გზებზე და შეგვიძლია, ორი კვირის განმავლობაში დადგენილების ახალი დოკუმენტი წარმოვადგინოთ, რომელიც „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტისგან განსხვავებით, გაცილებით ობიექტური იქნება.

თუ საუბარია იმაზე, არის თუ არა დღეს მაღალი ხარისხის გამოძიება, გეტყვით, რომ არ არის და გაცილებით გაუმჯობესებას საჭიროებს. მათი მმართველობის პერიოდთან შედარებით ხარისხი გაუმჯობესებულია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. საერთო ჯამში ეს ყველაფერი პრობლემებში აისახება. მათ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, რომელმაც ყველა კითხვას კვალიფიციური და ამომწურავი პასუხი გასცა. მან თავად ისაუბრა იმაზე, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე არავის უზრუნია. მათ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, რომელსაც კითხვაც კი ვერ დაუსვეს, მათი არგუმენტები იმდენად უსუსური იყო. ამ ადამიანების პასუხისმგებლობაზე საუბარი გაგვიჭირდება, თუ საუბარი რეფორმებზეა, ამის აუცილებლობას ნამდვილად ვხედავთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.

დატოვე კომენტარი