მამუკა მდინარაძე - NDI-ის ანგარიშში არის არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული პუნქტები, ვფიქრობ, ამაზე პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც ამ ორგანიზაციას ასეთი ინფორმაცია მიაწოდა
მამუკა მდინარაძე - NDI-ის ანგარიშში არის არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული პუნქტები, ვფიქრობ, ამაზე პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც ამ ორგანიზაციას ასეთი ინფორმაცია მიაწოდა

ანგარიშში არის ისეთი პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული და მგონია, ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს, მათ შორის ენდიაის წინაშე, იმ ქართულ ორგანიზაციას თუ რომელიმე ექსპერტს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ანგარიშს.

მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

„ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, არჩევნები ჩატარდეს უპრეცენდენტოდ გამჭირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ NDI-ის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან და ეყრდნობოდეს რეალურ ინფორმაციას. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ამ ანგარიშში, რეკომენდაციებში, სამწუხაროდ, არის ისეთი პუნქტები, რომელიც არის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ამაზე მგონია, ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს, მათ შორის NDI-ის წინაშე, იმ ქართულ ორგანიზაციას, თუ  ექსპერტს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მაგალითად, ამ ანგარიშში ასახულია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან. ძალიან კარგად ვხვდებით ეს საიდან მოდის. როდესაც შესაბამის კანონზე იყო საუბარი, იქ არც ერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშნაზე არ იყო და ისევ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით. ანუ, ფაქტობრივი უზუსტობებია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ე.წ. ექსპერტების მიწოდებულია ეს ინფორმაცია და ძალიან სამწუხაროა, რომ შესაბამის ანგარიშში, კვლევაში, თუ რეკომენდაციაში აისახა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში დღეს წარადგინა.