NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი - დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს
NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი - დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა, კორონავირუსის ზეგავლენა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიში წარმოადგენს 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, NDI-ის პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის  ხელმძღვანელობით,  დელეგაციის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზს. დელეგაციის წევრები ასევე იყვნენ საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი, საქართველოს ოფისის მოქმედი დირექტორი თეონა ყუფუნია, საარჩევნო პროგრამების დირექტორი პატრიკ მერლო და ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი. დელეგაცია მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიმპლოტიური მისიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

როგორც NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა აღნიშნა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს.

„თუმცა, შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, – აცხადებს დერეკ მიტჩელი.

NDI-ის პრეზიდენტი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებსაც ეხმაურება.

„მიმდინარე წელს საარჩევნო რეფორმის გატარებითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებით ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, ერთმანეთში არსებული განსხვავებების დაძლევა შეუძლიათ

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და მონაწილე მხარეებმა მსგავსი სიმტკიცე გამოიჩინონ და სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნები ჩაატარონ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს“, – აღნიშნავს დერეკ მიტჩელი.

ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობის თითქმის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა  პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად და  გზა გაუხსნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემატურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროვება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 30 რეკომენდაციას გასცემს, მათ შორის: სამთავრობო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული კანონების დროულად და მიკერძოებულად აღსრულება; სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;  მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა მთავრობის ჩარევისა და მიკერძოების გარეშე. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა, მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული, მათ შორის იგულისხმება მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა“.

დატოვე კომენტარი