მამუკა მდინარაძე - დამატებითი პრობლემების მოგონება არ გვჭირდება, საოკუპაციო ზოლთან პრობლემები არსებობს და მის გადაჭრაზე მუშაობს ხელისუფლება
მამუკა მდინარაძე - დამატებითი პრობლემების მოგონება არ გვჭირდება, საოკუპაციო ზოლთან პრობლემები არსებობს და მის გადაჭრაზე მუშაობს ხელისუფლება

დამატებითი პრობლემების მოგონება არ გვჭირდება, პრობლემები არსებობს საოკუპაციო ზოლთან და მის გადაჭრაზე მუშაობს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და საერთაშორისო პარტნიორები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პრობლემების მოგონება და ამით მანიპულირება მიუღებელია.

„ვცდილობთ იქ პრობლემების პრევენცია მოხდეს და პრობლემების მოგონება, ამაზე კომენტარების კეთება პოლიტიკური წრეებიდან და ამით მანიპულირება, არის მინიმუმ უხეში სპეკულაცია, ამაზე უარესი სიტყვები არ მინდა, გამოვიყენო ჩემ რეპუტაციას გავუფრთხილდები. ჩვენმა ოპონენტებმა იკადრეს, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შეექმნათ.​ ადგილობრივმა შეიძლება ისაუბროს, მაგრამ ვიდრე არ გადაამოწმებ,  მანამდე რომ პოლიტიკურ სპეკულაციას მართავ, ეს არის სწორედ შენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. როდესაც  მსგავსი ინფორმაციის გადამოწმება ხდება, სხვა ადამიანების შესვლა შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, ხომ არ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უწყებრივად ეს არ ევალება, შევიდეს-გამოვიდეს ყველაფერი აკეთოს, ასეთი მიდგომა არ შეიძლება. არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს, ეს იყო მხოლოდ განცხადებების ფონზე გამოწვეული სპეკულაციები და აჟიოტაჟი. არის სიმშვიდე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან, მუშაობენ ჩვენთან ერთად, ხურვალეთში საერთოდ არაფერი არ ხდება და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.