ბათუ ქუთელიას გამო, მამუკა მდინარაძესა და რომან გოცირიძეს შორის მცირე კამათი მოხდა [ვიდეო]

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორის პარლამენტში მცირე კამათი მოხდა.

კამათის მიზეზი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაფორმებული კონტრაქტია. მდინარაძემ გოცირიძეს განუმარტა, რომ კონტრაქტით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი არის ბათუ ქუთელია, რომელიც დღეს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტია.

თავის მხრივ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი ხელმოწერილია კობა ნაყოფიას მიერ და უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს მანიპულაციას.

დეპუტატებს შორის კამათი მოყვა მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც მდინარაძემ ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტი წარადგინა. მდინარაძის თქმით, კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.​

ამასთან, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, კონტრაქტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

თავად ბათუ ქუთელიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.