მამუკა მდინარაძე - ყველას ინტერესია, საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, სამწუხაროდ, მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ე.წ სამოქალაქო აქტივისტები
მამუკა მდინარაძე - ყველას ინტერესია, საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, სამწუხაროდ, მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ე.წ სამოქალაქო აქტივისტები

ჩვენი ყველას პოლიტიკური და მორალური ინტერესია, რომ საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, ისე, როგორც მას ისტორიულად ეკუთვნის. მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი ე.წ სამოქალაქო აქტივისტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, გააპროტესტებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებსაც საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში ედებათ ბრალი, თუ გააპროტესტებენ თავად ფაქტს, რომ „ასეთი სიბინძურე ხდებოდა“.

„ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით არ ვამთავრებთ პოლიტიკას და ცხოვრებას ამ ქვეყანაში. თითეული პარტიის და აქტივისტის გადასაწყვეტია, რომელ მხარეს დაიჭერს, გააპროტესტებს იმ ადამიანების დაკავებას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მისი ტერიტორიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საფრთხის შექმნაში, თუ თავად ამ ფაქტს გააპროტესტებენ, რომ ასეთი სიბინძურე ხდებოდა თურმე.

საუბარია 2006-2007 წლებზე, როდესაც ხდებოდა საზღვრების დადგენის პროცესი იმგვარად, რომ ამაში გამოყენებული არ იყო მთავარი დოკუმენტი და მთავარი დოკუმენტი ვინმეს შეფასებით კი არა, არამედ საქართველო-აზერბაიჯანს შორის 1996 წელს მიღწეული შეთანხმებით, რომლის თანახმადაც, საზღვრები უნდა დადგენილიყო 1938 წლის მონაცემების, მოცემულობის და შესებამისი რუკის მიხედვით. თურმე ასეთი რუკა არსებობდა, თუმცა ამ კომისიის მუშაობის დროს მაგიდაზე არ დაიდო და შემდეგ ჩხრეკის დროს ამოიღეს. ეს არის და ეს.

მარტო ამაზე კი არ არის, ეს ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, როგორც პროკურატურა გვეუბნება, მიმდინარეობდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც საქრათველოს აკარგინებდა არაერთ ჰექტარ მიწას, მათ შორის  იდენტობის განმსაზღვრელ სიწმინდეებს.

ჩვენი ყველას პოლიტიკური და მორალური ინტერესია, რომ საზღვრები დადგინდეს საქართველოს სასარგებლოდ, ისე, როგორც მას ეკუთვნის მორალურად, ისტორიულად და ა.შ. მეორე მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და მათი ე.წ სამოქალაქო აქტივისტები. ეს არის ყველაზე სამწუხარო. დღეს ისინი ბედავენ, რომ აქციების დაორგანიზება დაიწყონ და მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ, რბილად რომ ვთქვათ, ასეთ ცუდ დანაშაულში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მისთვის დაუჯერებელია, რომ სავარაუდო დამნაშავეები ამ პროცესში მაღალი თანამდებობის პირების მითითებების გარეშე მოქმედებნენ.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვისაც, როგორც ერთი მოქალაქისთვის, დაუჯერებელია, რომ რომელიმე მოქალაქე, სავარაუდო დამნაშავე, ბრალდებული მოქმედებდა მარტო, დამოუკიდებლად და ის არ იღებდა მითითებას რომელიმე მაღალი თანამდებობის პირისგან, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი, ან ნებისმიერი მოქალაქის ეჭვი და ვარაუდი იყოს.  სანამ გამოძიება ამის შესახებ მტკიცებულებებს არ მოიპოვებს, ამაზე წინმსწრებად ვერ ვილაპარაკებთ.

სამწუხაროდ, ამის პარალელურად  მაშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ კეთდებოდა განცხადებები, რომლებიც ამ მონაკვეთის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდნენ. არამხოლოდ ზეპირ განცხადებებზეა საუბარი, არამედ წერილობითზეც. მაგალითად, თურმე აღმოჩნდა, რომ ისინი მიმართავდნენ, თქვენი ტერიტორიაა და იქნებ სარემონტო სამუშაოებისთვის შეგვიშვათო“, – განაცხადა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ალოგიკური ნარატივი განავითარეს, რომლის თანახმად, თითქოს ახალი კარტოგრაფიული მასალები საქართველოს რუსეთის სპეცსამსახურებმა გადასცეს.

„საოცარი ნარატივი განავითარეს ოპოზიცურმა პარტიებმა და მათმა ტელევიზიებმა, რომ თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ქართველებს რაღაც მონაცემები, ახალი რუკები, რომ რუსეთიდან არის რაღაც შეკვეთა. გამოდის, რომ მათი ინფორმაციით და ამ სპეკულაციური მესიჯებით, რუსეთი თურმე საქართველოს ინტერესების სასარგებლო მონაცემებს აწვდის საქართველოს ხელისუფლებას. ანუ რუსები იქცევიან იმდენად კარგად, რომ ისინი იცავენ ქართული ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს. ამ მარაზმში ჩავიდნენ თავისი ლოგიკით ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ საოცრებაში შევიდნენ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.