მამუკა მდინარაძე - ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს

„ქართული ოცნება“ აუცილებლად დაუჭერს მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ყველანი შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მრავალი მოსაზრება არსებობდა.

„იყო მრავალი აზრი და იყო მოსაზრება, მათ შორის იმაზეც, რომ საერთოდ არც ერთი კანდიდატისთვის არ დაგვეჭირა სამომავლოდაც მხარი. თუმცა, ვინაიდან ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფი არსებობს, ჩვენ ვერ დაუშვებთ 0,1 პროცენტ ეჭვსა და რისკსაც კი, რომ შეიძლება აქედან რომელიმე მათგანმა რამე უპირატესობა მოიპოვოს სხვასთან შედარებით. ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ყველანი შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საზოგადოებაში სწორად უნდა იყოს აღქმული, რა არის რეალურად საქართველოს პრეზიდენტის  კომპეტენცია.

„ჩვენ ვართ ვალდებული, რომ აღქმაც კი სწორი იყოს დემოკრატიის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ ქვეყანაში იმის შესახებ, თუ ვინ არის პრეზიდენტი, რას წარმოდგენს, როგორია მისი რეალური კომპეტენცია. ამის შესახებ ვალდებულებები გაგვაჩნია და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის გადაწყდა, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს არ წარადგენს.