მამუკა მდინარაძე - ანატოლი ბიბილოვის განცხადება მიუღებელია და ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება
მამუკა მდინარაძე - ანატოლი ბიბილოვის განცხადება მიუღებელია და ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია, ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს ეწინააღმდეგება.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ასეთი არალეგიტიმური განცხადებების მიუხედავად, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახში რაც შეიძლება მოკლე დროში გადმოასვენონ.

“ნამდვილად ვერ გეტყვით, ე.წ. პრეზიდენტს რა მიზანი ამოძრავებს, როცა ამ განცხადებას აკეთებს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იგივე მოლოდინები გვაქვს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებისთვის. იგივე მოლოდინში იმას ვგულისხმობ, რომ ცხედრის გადმოსვენებას უახლოეს მომავალში ველოდებით”, – განაცხადა მდინარაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდნენ. ბიბილოვის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება არ შეუძლიათ და ექსპერტიზას ატარებენ.