მამუკა მდინარაძე - აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? პერსპექტივის თვალსაზრისით ეს არასერიოზულია, თორემ სურვილი აქვთ
მამუკა მდინარაძე - აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? პერსპექტივის თვალსაზრისით ეს არასერიოზულია, თორემ სურვილი აქვთ

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს, აჯანყებაზე საუბარი არასერიოზულია.

მდინარაძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? თაკომ თუ თქვა…. ორი მიმართულებით შემიძლია, პასუხი გაგცეთ. პირველი, მგონია, რომ არასერიოზულია ადამიანისგან, ვინც არ უნდა იყოს, კონკრეტულად არც შევეხები. თუ ვინმემ ასეთი რამე თქვა, აჯანყებაზე ილაპარაკა, ეს არასერიოზულია პერსპექტივის თვალსაზრისით, თორემ სურვილი, რა თქმა უნდა, აქვთ. გვინახავს მათი არაერთი ძალადობრივი მოწოდება. როდესაც არაფერი გამოსდით, ვერ იმარჯვებენ, რადგან არა მხოლოდ წარსული მძიმე ცოდვებით არიან დაზიანებული ძალიან რეპუტაციულად, არამედ დღესაც, როგორც ისინი მოქმედებენ, იმ 9 წელზე რომ გვაკოპლექსებენ, რაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, იმ 9 წელსაც რომ თავი დავანებოთ, მეორე ცხრა წელი აქვთ ხელისგულზე.

უკანასკნელ წლებზე ვსაუბრობთ და უკანასკნელ პერიოდზე, როდესაც მართლაც ასევე ძალადობენ, მართლაც სულ ტყუილებით საზრდოობემ. ამასობაში, მათი მხრიდან რეალური პრობლემები გვერდზე რჩება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნებაც“ რა თქმა უნდა, უშვებს შეცდომებს, რაზეც პარტიის შიგნით აქვთ დისკუსია, კამათი, თუმცა ოპოზიციას შეცდომების ხარისხი არ მოსწონს და სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებული.

„ხომ არ შეიძლება, შეცდომები არ მოსდიოდეს „ქართულ ოცნებას“, უამრავი შეცდომაც არის, უამრავი ხარვეზიც არის და ჩვენ ამაზე შიგნით გვიწევს დისკუსია, კამათი. ისინი ამას არ აქცევენ ყურადღებას, რადგან შეცდომების ხარისხი არ მოსწონთ უბრალოდ. ეს უმნიშვნელოა, ამაზე ხალხი არ გაბრაზდება. ისინი ფიქრობენ ისეთ არგუმენტებზე, რომელზეც ხალხი გაბრაზდება და შემდეგ იგონებენ რაღაცებს. ამ სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებული და არ ჭრის, სიმართლე იმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ცუდი რაღაცების მცდელობები იქნება, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება.

„რაღაცებს შეეცდებიან, თქვენმა კოლეგამ იკითხა წეღან, იფაფხურებენ, იგივე შედეგით დასრულდება, როგორც წინა შემთხვევაში. ძალიან ცუდ რაღაცებს მოინდომებენ, ვერ მოახერხებენ, გაგრძელდება ამ ქვეყნის განვითარება და შემდეგ, 2024 წელს შევიტანთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, იქნება უფრო მეტი დინამიკა და გარანტია მეტი მშვიდობის, სტაბილურობის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ განაცხადა: „მე, თამარ ჩარკვიანი ვარ მომხრე, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით“.

დატოვე კომენტარი