მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

როგორც მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა.

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია, მისსავე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. ამ კაცმა კიდევ ერთხელ დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ. ამ მოქმედებით, ბინძური „ფეიკით“, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრდა „ნაცმოძრაობა“. ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო. წავიდა ვაბანკზე და ამ ვაბანკის, რისკის შედეგად მიიღო ის, რომ „ნაცმოძრაობა“ დღეს დასრულდა და ამას ქართველი ხალხი „ნაცმოძრაობას“ აჩვენებს საარჩევნო ყუთებთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დატოვე კომენტარი