მამუკა მდინარაძე - აგენტურული ოპოზიციისგან 16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს გეგმები ჩავუშალეთ
მამუკა მდინარაძე - აგენტურული ოპოზიციისგან 16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს გეგმები ჩავუშალეთ

16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერს, როდესაც უნდა მომხდარიყო არეულობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით ეს გეგმები ჩაშალა.

„ჩვენს ამომრჩევლებში ყველაზე აქტუალური კითხვაა, რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი? დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით უკვე ღიად არ ილაპარაკა, მეც გუშინ თავი შევიკავე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ სჯობს, ბოლომდე გაიხსნას კარტები. 16 დეკემბერს, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა იმართება, ამ 16 დეკემბერზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები. ვერ მოგატყუებთ, რომ ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ინფორმაციები გვაქვს ოპონენტებისგან და 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ იმას, რომ წელიწადში ორჯერ ამ პერიოდის განმავლობაში იგეგმება და ტარდება ხოლმე ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. მათი მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი. ამიტომ მათ თქვეს, რომ 300 და 400 ათასი ხმის გაყალბებას ვერავის ვაჯერებთ, მოდით, ახლა დავიშალოთ. პირველ სხდომაზე 800-მდე ადამიანი შეიკრიბა, არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე და ემზადებოდნენ, მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და ევროსაბჭომ და ევროკომისიამ უარი უთხრა მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს გეგმები ჩავუშალეთ და მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. ეს პასუხი ჩვენს მომხრეებს, კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები. ისინი ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ცდილობდნენ ენერგიის დახარჯვას, რათა საარჩევნოდ შემოენახათ ენერგია და ამით განეხორციელებინათ არჩევნების საბოტაჟი. ამიტომ იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში და, მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ქართული კანონი და ქართული ვერსია მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ამ გადაწყვეტილებით თავიდან ვიცილებთ გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან მოყოლებული ახალ წლამდე არეულობა ავიცილეთ თავიდან. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩაცხრება, რადგან ჩვენს ნალაპარაკებს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება, რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ.

როგორც იტყვიან, მათ მოედანზე გადავალ და მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც გულწრფელად რაღაცას თავისთვის სახლში, „ფეისბუქში“, გარეთ აპროტესტებს და ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდა – ისინი მართლები არიან, თუ საქართველომ მართლა უარი თქვა ევროინტეგრაციაზე, რასაც ატყუებენ. ამ შემთხვევაში დიახ, მართლები არიან, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს, მაგრამ რადგან ეს ტყუილია, უნდა დაფიქრდნენ, კარგად წაიკითხონ ან მოისმინონ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება და შემდეგ აღმოაჩენენ, რაშია საქმე.

ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში ვინმეს, განსაკუთრებით იმ აგენტურას, რომელიც საქართველოში მოქმედებს ჩვენი ე.წ ოპოზიციის სახით, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ამავე დროს ვამბობთ – 16 დეკემბერს, მაგალითად, დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება და არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ინიციატივით და ხვეწნით არ მივმართავთ, რომ შენი ჭირიმე, იქნებ მოლაპარაკებები გამიხსნა. როგორც კი ევროკავშირის მხრიდან იქნება ამის მზაობა, როგორც კი ასეთი განცხადებები გაკეთდება და იტყვიან, რომ საქართველოს უნდა გავუხსნათ მოლაპარაკებები, ჩვენ სიხარულით, იმავე წამს, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ერთმანეთსაც კი არ დაველაპარაკებით გუნდში, ხელს ვაწერთ. ეს გადაწყვეტილება უალტერნატივოა, ხელს ვაწერთ იმ დოკუმენტს, რომლითაც იხსნება მოლაპარაკება. ამიტომ ერთმანეთისგან განასხვაონ უარის თქმა რაღაცაზე და ინიციატივის დაყენება, ხვეწნა-მუდარა. ვინმე თუ აპროტესტებს, რატომ არ ეხვეწებითო – იმიტომ, რომ ეს უნდათ, გამოიყენონ ბერკეტად და არავის მივცემთ ბერკეტს. ვინმეს თუ კითხვა აქვს, რას აკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ იხსნება მოლაპარაკებები და ფასდება საქართველოს შრომა ევროინტეგრაციის გზაზე – ხელს ვაწერთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.