კახა კალაძე - 2028 წლისთვის გვექნება სხვა ეკონომიკა, სხვანაირად ვიქნებით წინ წასული, მანამდე თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? ვინ ამბობს უარს, მაგრამ ეს შანტაჟის იარაღი არ უნდა იყოს
კახა კალაძე - 2028 წლისთვის გვექნება სხვა ეკონომიკა, სხვანაირად ვიქნებით წინ წასული, მანამდე თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? ვინ ამბობს უარს, მაგრამ ეს შანტაჟის იარაღი არ უნდა იყოს

2028 წლისთვის გვექნება სხვა ეკონომიკა, სხვანაირად ვიქნებით წინ წასული, მანამდე თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? ვინ ამბობს ამაზე უარს, მაგრამ ეს შანტაჟის იარაღი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დააშანტაჟოს ქართველი ხალხი, სახელმწიფო.

„ვნახეთ ცრუ პროტესტი, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ძირითადი ლაიტმოტივი იყო, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც დიდი ტყუილი, სიცრუეა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ღირსებით, არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოსთან მიმართებით იყვნენ ისეთ დამოკიდებულებაში, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ. ვისმენთ ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რეზოლუციებს, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, ცილისწამებით, შეურაცხყოფის მიყენებით, შანტაჟით. არავის მიეცემა შანტაჟის შესაძლებლობა. გავიხსენოთ თუნდაც არჩევნების წინ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ გამოიტანს, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონს, არ გაიხსნება მოლაპარაკებები, შეჩერებულია მოლაპარაკებები. პირდაპირ ამას გვეუბნებოდნენ, ხომ? მაშინ რა გახდა პრობლემა?

ეს არის ცრუ პროტესტი, ყველაფერი ტყუილია. რეალობაში რა ხდება – გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება ვერ მოხდება. ამას არ ვიგონებ, ოფიციალური განცხადებები არსებობს. კარგად გვესმის ისიც, რომ ყველა ქვეყანამ, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, რაღაც კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, თუნდაც ეკონომიკური განვითარება, ცხოვრების ხარისხი და ასე შემდეგ. რაღაც გარკვეული ზღვარი არსებობს – უნდა გქონდეს ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, მშვიდობის გარეშე, შეუძლებელია, ქვეყანამ მიაღწიოს. ასევე შეუძლებელია, ამ ყველაფერს მიაღწიო, თუ ქვეყანაში არ გვექნება ეკონომიკური განვითარება. მშვიდობის გარეშე ვერც ეკონომიკური განვითარება გვექნება, ვერც წინსვლა. ამიტომ ვამბობთ, რომ მზად ვიქნებით 2028 წლისთვის. ამ დროისთვის ჩვენ გვექნება სხვა ეკონომიკა, სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი, სხვანაირად ვიქნებით წინ წასული ყველა პარამეტრით და 2030 წლისთვის მზად ვიქნებით, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. მანამდე თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? რა პრობლემაა, გახსნან. ვინ ამბობს ამაზე უარს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შანტაჟის იარაღი.

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ დააშანტაჟოს ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფო, როგორც ამას აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის დროს. ხომ გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა. მაშინ, როდესაც ყველა პარამეტრით წინ ვიყავით, გვაშანტაჟებდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კი იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანაში მოეხდინათ რევოლუცია, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დღესაც იგივე ხდება, უბრალოდ, კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემის ინსტრუმენტის მაგივრად, აქვთ სხვა ინსტრუმენტი. ეს არის მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. აქ ვართ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე, დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა? გახსენით, ჩვენ მზად ვართ, ვინ გიშლით ამას? მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამით ხალხს აშანტაჟებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, დააშანტაჟოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ყველას მოგიწევთ, შეეგუოთ იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.