მამუკა ხაზარაძე - უცხოელი ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს, მათ მასალები არ წაუკითხავთ, რადგან ქართული არ იციან
მამუკა ხაზარაძე - უცხოელი ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს, მათ მასალები არ წაუკითხავთ, რადგან ქართული არ იციან

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე უცხოელი ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

ხაზარაძის თქმით, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნულ საქმეზე შეფასება დადეს, განგებ შეცდომაში არიან შეყვანილი.

„რაც შეეხება თადუმაძის განცხადებას, რომ პროკურატურა ექსპერტებს ქირაობს,  სიტუაცია ასეთია – დღეს ჩვენი გადასახადებით თადუმაძის უწყება ე.წ ექსპერტებს უხდის ფულს, რომელსაც იყენებს შავი პიარისთვის. მათ რეპუტაციას  ჩრდილს არ ვაყენებ. ეს ორი ადამიანი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, რადგან მათ მასალები არ წაუკითხავთ, არ იციან ქართული და იმ წერილშიც წერენ, რომ საქმეს არ იცნობენ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, როცა წერილზე მიდის აპელირება, თარგმანი და დედანი კარგად წაიკითხონ. თადუმაძის უწყება ქირაობს ექსპერტებს, თადუმაძეს ქირაობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადვოკატს და როგორც პროკურორს. ხვალ დაიქირავებს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს უნდა დასრულდეს“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს გაავრცელა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის  საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

ამასთან, დღეს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ მაღალი ინსტერესის საქმეებზე 2015 წლიდან უცხოელი ექსპერტები წერენ დასკვნებს, რომელიც მათთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.