მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ მივიდეთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში, რათა ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან დავაფიქსიროთ
მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ მივიდეთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში, რათა ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან დავაფიქსიროთ

მზად ვართ, კიდევ ერთხელ მივიდეთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში, რათა ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან დავაფიქსიროთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან კონკრეტულ შეთავაზებას უახლოეს დღეებში ელოდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება, გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან, რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას. ამასთან, ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი და ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის“, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დასრულებულად გამოცხადდა. რომან კაკულიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც საფრთხის შემცველად მიაჩნდა „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯაროდ განხილვა.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა. კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება,  რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  „თიბისი ბანკის“ საქმეზე ღია ფორმატში უნდა ემსჯელათ.

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე, „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ.