მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

მოსამართლე ნატო ხუჯაძის კითხვაზე, ცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მამუკა ხაზარაძე, ხაზარაძემ უპასუხა, რომ არ ცნობს.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში ბრალდებულმა კიდევ ერთმა პირმა, ბადრი ჯაფარიძემ კი ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ ეს არის სრული ცილისწამება. ამავე საქმეზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა კი განაცხადა, რომ ვერ გაიგო, რა ბრალდებას უყენებს მას გამოძიება და რას ედავებიან.

საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. მხარეები გააცნობენ იმ მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელთა დაშვების შემთხვევაში სასამართლო განხილვებისას მოხდება მათი გამოკვლევა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. წერეთელმა გირაო გადაიხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გირაოს საფასური მისმა ოჯახის წევრმა უძრავი ქონებით უზრუნველყო.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).