მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არ იცის, როდის იქნება ლონდონის ექსპერტიზის პასუხი წერილთან დაკავშირებით
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არ იცის, როდის იქნება ლონდონის ექსპერტიზის პასუხი წერილთან დაკავშირებით

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის იქნება ლონდონიდან ექსპერტიზის პასუხი წერილთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, როცა იქნება, შეგატყობინებთ, – განუცხადა მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.

ამასთან, კითხვაზე, გრძელდება თუ არა დაკითხვები ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხაზარაძის თქმით, მისთვის უცნობია, მომავალში ვინ დაიკითხება.

ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ეს თემა მალე დაიხურება.

„არ ვიცი, მომავალში კიდევ ვინ დაიკითხება. საკმაო რაოდენობის ადამიანი დაიკითხა, რვა თუ ცხრა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს თემა ძალიან მალე უნდა დაიხუროს, რამეთუ არანაირი მსგავსი თემა, რაც იქნა გაჟღერებული, ახლოს არ არის არც ბანკთან, არც მის თანამშრომლებთან, არც მენეჯმენტთან, არც ბადრი ჯაფარძესთან და არც მამუკა ხაზარაძესთან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში საკომიტეტზე მოსმენისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ამასთან, საქალაქო სასამართლოში ხაზარაძემ წერილის ასლი წარადგინა და განაცხადა, რომ ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. გენერალურმა პროკურატურამ მის მიერ მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. პროკურატურის ცნობით, წერილს არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.