მამუკა ხაზარაძე - 2007 წელს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაგვიშალეს, ამოცანა იყო, რომ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ შელამაზებულად
მამუკა ხაზარაძე - 2007 წელს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაგვიშალეს, ამოცანა იყო, რომ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ შელამაზებულად

2007 წელს „თიბისი ბანკი“ იყო ყველაზე დიდი ბანკი როგორც დღეს, იზრდებოდა ძალიან სწრაფად, ახალ-ახალ დაფინანსებებს იზიდავდა გარედან და ახალ ინექციას აძლევდა ეკონომიკას, უცბად, ჩვენდა გასაკვირად, წინა ხელისუფლების დროს, „ეროვნულმა ბანკმა“ „თიბისი ბანკს“ მომენტალურად შეუზღუდა ლიცენზია და უთხრა, რომ იმდენად სწრაფად იზრდებით, გეკრძალებათ დაკრედიტების გაგრძელება, ანუ, რა ზომაც ხართ, იმ ზომაზე უნდა დარჩეთო, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით იკითხება.

„არ მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების, თუმცა საფუძველი „ეროვნულ ბანკს“ ჰქონდა. ვაღიარებ, რადგან იმდენად სწრაფად ვიზრდებოდით, რომ კაპიტალის ადეკვატურობა დაირღვა და უნდა ითქვას, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მეორე დღეს ეუბნებიან, შენ აჩერებ ოპერირებას. ყოველთვის არსებობს გონივრული ვადა და ყოველთვის გეუბნებიან, რომ შენ გაქვს ექვსი თვე, ექვს თვეში მოაგვარო კაპიტალის ადეკვატურობის მომენტი.

საქართველოში საბანკო სისტემა არის მსოფლიო დონის გამართული სისტემა, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი რეგულირება, მისი კონტროლი, საერთაშორისო აუდიტორების დონეზე, არის ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. მე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ყველაზე მსხვილი აქციონერები, 80 პროცენტის მფლობელი, 10 პროცენტი ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, და 10 პროცენტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკს. ესენი არიან პირველი მერცხლები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს ინვესტიცია.

ჩვენი კაპიტალი 2007 წელს იყო 100 მილიონი დოლარი. ეს გახდა პრობლემა, იმდენად სწრაფად მიდიოდა ფულის მოზიდვა უცხოეთიდან. მე და ბადრი ჯაფარიძეს ექვსი მილიარდი გვაქვს შემოტანილი ამ ქვეყანაში და აღარ ვლაპარაკობ, რამდენი სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ“,- განაცხადა მამუკახაზარაძემ.

მისივე თქმით, 2007 წელს „თიბისი ბანკს“ ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაუშალეს.

„იყო მინიშნებები, ბანკი უნდა გაყიდოთ, სხვას გადააბაროთ. პოლიტიკურ ნაწილს შევეშვები. რთული იყო იმ პერიოდში. ერთის მხრივ, რაღაცები კეთდებოდა, მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ რაღაცების კეთება რთული იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რადგან არ გვქონდა თანხა, რომ ასი მილიონით გაგვეზარდა. ჩვენ დავიწყეთ მსოფლიოში მოგზაურობა. ამ დროს ბანკი გაჩერებულია, ვერ იზრდება და დრო არის ჩვენს საწინააღმდეგოდ. ყველანაირმა თხოვნამ, რომ იქნებ მოგვცეთ ვადა, შედეგი არ გამოიღო.

მივაგენით ერთ-ერთ მსხვილ ბანკს, „ლეომი ბანკს“ და მოველაპარაკეთ. ისინი მზად იყვნენ, „თიბისი ბანკში“ 20 პროცენტის სამაგიეროდ გაეზარდათ კაპიტალი და ჩაედოთ ინვესტირება, რაც ჩვენ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ადეკვატურობის პრობლემა გადაგველახა. მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. ეს გარიგება ჩაგვიშალეს საქართველოში, ნებართვები არ მოგვცეს და ასე შემდეგ, რამაც გამოიწვია ჩვენი ლონდონის არბიტრაჟში წაყვანა. გვიჩივლა იმ ბანკმა, რადგან „ბაინდინგ თემშითი“ ჰქვია, რაც ნიშნავს, რომ ორ ფურცელზე იწერება და ის არის სავალდებულო შესასრულებელი. აი, ეს ხელშეკრულება, რომელზეც გვქონდა ხელი მოწერილი, ჩაგვიშალეს 2007 წელს. აქ და ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, ამოცანა იყო, რომ ჩვენ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა ასე პირდაპირი სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ ძალიან შელამაზებული, ნებართვა არ ნებართვების ფონზე, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.