თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მამუკა ხაზარაძე დაიკითხება.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება. სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში კი ვერ მიაღწიეს მიზანს, რადგან ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. სამი წლის შემდეგ ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, დღეს პირველად მომეცემა საშუალება, მოვუყვე სასამართლოს, რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის პოლიტიკურად მოტივირებული ეს საქმე. გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს. არანაირი ფულის გათეთრება ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის აბსურდი. ეს მგონი, ყველასთვის ნათელია, რადგან ერთ ტრანზაქციას არ სჭირდება სამი წლის გამოძიება და სასამართლოში სიარული. ძალიან მარტივი ოპერაციაა, თანხა არავის მიუთვისებია, მით უმეტეს არც მე და არც ბადრი ჯაფარიძეს. მით უმეტეს, არ მიგვიღია არანაირი არაკანონიერი შემოსავალი. მეტს გეტყვით, არანაირი გათეთრება, ანუ შავი წყაროდან თეთრ სისტემაში ფული არ მოხვედრილა, რადგან თანხას არ დაუტოვებია საბანკო სისტემა. ვიმეორებ, ეს არის შეთითხნილი, ბიძინა ივანიშვილის მართული სასამართლო, მიტაცებული სასამართლო. ჩვენი ქვეყანა ღარიბი იმიტომ არის, რომ არ არსებობს სამართალი. ეს არის ნომერ პირველი სიღარიბის განმსაზღვრელი ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის. ჯაფარიძის განცხადებით, „რეპრესიები მათ აძლიერებთ“.

„ჩვენ ვიტყვით იმას, რასაც ადგილი ჰქონდა – ჩვენ მოვახერხეთ, რუსეთის არმიის შემოჭრის მიუხედავად, გადაგვერჩინა ინსტიტუტი, გადაგვერჩინა მეანაბრეების თანხები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც უნდა ივანიშვილის პროკურატურას და მართლმსაჯულებას წარმოაჩინოს აბსოლუტურად გაუკუღმართებულად. შესაბამისად, ჩვენ ამას ვამხელთ. სიმტკიცე არის ყველაზე კარგი პასუხი სასამართლო და პოლიტიზებული დევნის მიმართ.

სამი წელიწადია, გრძელდება ეს აღმაშფოთებელი პოლიტიკური დევნა. მზად ვართ, ნებისმიერი გამოწვევისთვის, რეპრესიები ჩვენ განგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.

დატოვე კომენტარი