მამუკა ხაზარაძე - 2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშობლოში დაბრუნების დაანონსებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვინ ჩამოდის და ვინ არ ჩამოდის საქართველოში, მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ 2 ოქტომბერია გადამწყვეტი. ჩვენ აქ ვართ ახლა და ვაგრძელებთ ბრძოლას, ეს ბრძოლა არის მოსაგები. ამიტომ 2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეკითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი ამჯერად ჩამოვა საქართველოში, ხაზარაძემ აღნიშნა: „მაგ მკითხაობაში არ შევალ. ახლა ჩვენ, „ლელო“ ვართ კონცენტრირებული, რომ მთლიანად ოპოზიციასთან ერთად დავდოთ სერიოზული შედეგი, რომ ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ვინ ვის დახვდება, როგორ დახვდება, ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც არ გაბრაზდება, ახლა, ამ ეტაპზე არის მეორე ხარისხოვანი
მიშას უნდა კითხოთ, ჩამოვა თუ არა, მე რატომ მეკითხებით? ვერ გეტყვით, ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. დამერწმუნეთ, ჩემთვის არის 2 ოქტომბრის დილა და მთელი დღე მნიშვნელოვანი, რონ ჩვენ არ წაგვართვან ხმები, ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეულ უბანზე ამომრჩევლის ხმა; არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება გაყალბების და ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ გვინდა, ცხოვრება, ქვეყანა გახდეს უკეთესი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.