მამუკა ხაბარელი - ბაკურიანი 2025 დიდ ბიძგს მისცემს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებას #1TVSPORT
14:53, 17.12.2023
2025 წლის თებერვალში საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ევროპულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ესოდენ მასშტაბური ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხანია, დაწყებულია.
საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით ფესტივალის მთავარ ქალაქში, ბაკურიანში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ჟურნალისტებისთვის, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. ორგანიზატორებმა, ხელმძღვანელის მამუკა ხაბარელის ინიციატივით მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაცია, დაათვალიერებინეს დიდველის ტერიტორია, სადაც გაიმართება თხილამურებით რბოლა, სამთო სათხილამური სრიალი, სნოუბორდინგი და სრიალი თავისუფალი სტილით.
მამუკა ხაბარელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიატლონის ტრასაზე, რომელიც ძველი ტრასის ადგილას თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა.
მესამე ლოკაცია ბაკურიანის განახლებული ცენტრალური პარკი იყო, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა და მედიის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ვანკუვერის ოლიმპიადისას დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას.
დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ბაკურიანი ერთ-ერთი იქნება იმ ქალაქთაგან, სადაც ზამთრის ახალგაზრდული ევროპული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. დარბაზის სახეობები, ყინულის ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა და ციგურებით რბოლა თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
„საქართველო ევროპის იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომელშიც გაიმართება როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. 2015 წელს საქართველომ ზაფხულის ფესტივალს წარმატებით უმასპინძლა. 2025 წელს კი ზამთრის ფესტივალისთვის მზადების პროცესზე დასაკვირვებლად და საშეჯიბრო ლოკაციების შესაფასებლად ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული და დადებითი შეფასებებიც მივიღეთ. ევროპის ოლიპიური კომიტეტების სტამბოლის ასამბლეაზე წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ბაკურიანი 2025 არ არის მხოლოდ ერთწლიანი პროექტი. იგი დიდ ბიძგს მისცემს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაციასა და განვითარებას“, – აღნიშნა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.