მამუკა ღონღაძე, იგივე კანუ ბლოგის გმირი გახდა
მამუკა ღონღაძე, იგივე კანუ ბლოგის გმირი გახდა

მამუკა ღონღაძე, ზედმეტსახელად კანუ ცნობილი რუსული ინტერნეტ-გამოცემა „სპორტს.რუ“-ს ბლოგის, „გოლეადორის“ გმირი გახდა.

მამუკა ღონღაძე პროფესიულ ფეხბურთში 2003 წლიდან გამოჩნდა. 16-წლიანი კარიერის მანძილზე საქართველოს, უზბეკეთისა და ლატვიის ჩემპიონატებში შემდეგ კლუბებში უთამაშია – წყალტუბოს „სამგურალი“, ქუთაისის „ტორპედო“, ფოთის „კოლხეთი“, ტყიბულის „მეშახტე“, ცხინვალის „სპარტაკი“, უზბეკური „მაშალი“, ლატვიური „დაუგავა“ და „ილუკსტეში“. ჯამში 295 მატჩში 92 გოლი გაიტანა.

ღონღაძეს საქართველოს ჩემპიონატში 2010 წელს კარგი სეზონი ჰქონდა. უზბეკეთიდან დაბრუნებულმა „სამგურალში“ ჩატარებულ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და დაუგავპილსისდაუგავაში“ მიიწვიეს, სადაც 88 შეეხვედრაში 46 გოლი მიითვალა. ამ გუნდში 2011 წელს 21 გოლით ლატვიის ვირსლიგის (ჩემპიონატის) საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ 18 გოლით საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა. 2012 წელს მოიპოვა ლატვიის ჩემპიონის ტიტული. ორჯერ იყო ბრინჯაოს პრიზიორი (2011, 2013). 2013 წელს დაეუფლა ლატვიის ზამთრის თასს. საფეხბურთო კარიერა 2019 წელს „სამგურალში“ დაასრულა, ახლახან კი მწვრთნელობა დაიწყო და მშობლიური წყალტუბოს გუნდში დუბლებს ავარჯიშებს.

„სამწუხაროდ, კარიერის დროს მიღებული ტრავმების გამო, ადრე თუ გვიან კარიერის დასრულება გვიწევს. საინტერესო საფეხბურთო კარიერა მქონდა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. „დაუგავასთან“ ერთად ლატვიის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გავხდი. შეტევით ფეხბურთს ვაჩვენებდით, რომელიც გულშემატკივრებს მოსწონდათ. ლატვიაში ბევრი რამ გამომდიოდა, ხშირად ბევრს ვიტანდი. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ტრავმამ (ჯვარედინი იოგების დაწყვეტამ) თავი შემახსენა და ჩემს საუკეთესო თვისებებს ვეღარ ვაჩვენებდი.

ვითამაშე ქუთაისის „ტორპედოში“, ფოთის „კოლხეთში“, ტყიბულის „მეშახტეში“, წყალტუბოს „სამგურალში“ და 2019 წლის იანვარში კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ახლა„სამგურალის“ მეორე გუნდში ვმუშაობ. არიან ნიჭერი ბიჭები, ვისაც ჩემს სათამაშო და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებ. საინტერესო სამუშაოა. მთავარია, ბიჭებს ლამაზი გუნდური ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ, ზოგს ტექნიკური ელემენტების გამოსწორება სჭირდება. თუ იქნება სწორი თამაში, შედეგი მოვა“, – განაცხადა ინტერნეტ-გამოცემასთან 35 წლის მამუკა ღონღაძემ.