მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს. მამუკა ბახტაძემ ვიზიტის შესახებ აეროპორტში ისაუბრა, სადაც გერმანიის კანცლერთან ერთად იმყოფებოდა.
„საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის ისტორიული ვიზიტი დასრულდა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა, სადაც როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხები განვიხილეთ. გერმანია ჩვენი ერთგული მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მსურს, ქალბატონ კანცლერს დიდი მადლობა გადავუხადო. ის საქართველოს მართლაც დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას შეეხება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს, მართლაც, რომ კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, ასევე როგორ უნდა დავუახლოოთ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად “, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.