მამუკა ბახტაძე - სოფლის მეურნეობის დარგის მხარდამჭერ პროგრამებს გავაგრძელებთ, გამოვყოფთ მეტ დაფინანსებას
მამუკა ბახტაძე - სოფლის მეურნეობის დარგის მხარდამჭერ პროგრამებს გავაგრძელებთ, გამოვყოფთ მეტ დაფინანსებას

მთავრობა 2020 წლისთვის სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდაჭერას გაზრდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, ჰქონდეს წარმატებული „მწვანე ეკონომიკა“.

„სოფლის მეურნეობაში ეს უნდა გადავთარგმნოთ ორგანულ წარმოებაზე, ე.წ. ბიოწარმოებაზე. ჩვენ უნდა გავყიდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აგროპროდუქცია. ამას სჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტიანი გზით.

„არ შემიძლია არ შევეხო თემას, თუ რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტების მიმართ, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით არის ერთგვარი სუბსიდია. მაქვს ძალიან მარტივი პასუხი. შარშან ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა, ასევე შარშან კახეთში, ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი. მევენახეობას ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში ვერ იპოვით ვერცერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც სოფლის მეურნეობის დარგში არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები.

„არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პოლიტიკას. პირიქით, ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს შესაძლოა არაეფექტიანი იყოს, მაგრამ როცა ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, დოვლათი და გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ. ლევან დავითაშვილს აქვს დავალება, რომ რებიუჯეტირების დროს, წელს შევძლოთ მეტი დაფინანსება გამოვყოთ და 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.  შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც ესწრებოდნენ.