მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და გერმანიას აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, მაქსიმალურად განავითარონ ახალი და  განამტკიცონ არსებული ურთიერთობები
მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და გერმანიას აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, მაქსიმალურად განავითარონ ახალი და  განამტკიცონ არსებული ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოს მიღწევები განიხილეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გერმანიის კანცლერს საქართველოს მთავრობის ინიციატივა – საგზაო რუკა გააცნეს, რომლის მიზანია ევროკავშირთან მეტი ინტეგრაცია.

„ქალბატონ კანცლერთან ვისაუბრეთ აგრეთვე იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით, ესენია: ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა. ყოველივე  ეს კი, მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.  ამ კონტექსტში ქალბატონ მერკელს გავაცანით საქართველოს მთავრობის ინიციატივა – საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახა ნატო-ს 2018 წლის სამიტის დეკლარაციაში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ადეკვატურად აისახა ნატო-ს 2018 წლის სამიტის დეკლარაციაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას საერთო ინტერესი და მისწრაფება აერთიანებთ, რაც ურთიერთობების მაქსიმალურ განვითარებას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს გერმანიის მიერ გაცხადებული ევროპის ახალი აღმოსავლური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, რომ მაქსიმალურად განავითარონ ახალი და ამავე დროს, შექმნან და კიდევ უფრო განამტკიცონ არსებული ურთიერთობები. უკვე მივაღწიეთ პარტნიორობის ისეთ სტანდარტებს, როდესაც შეგვიძლია ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანით ეს თანამშრომლობა. ასევე მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გერმანული მხარის მიერ გაცხადებული ევროპის ახალი აღმოსავლური პოლიტიკის შემუშავების პროცესში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრამდე კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.