მამუკა ბახტაძე - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამსახურების თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს
მამუკა ბახტაძე - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამსახურების თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე გამოძიების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის დასავლელ პარტნიორებს მადლობას უხდის.

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს და აღასრულეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. გამოძიებაში ჩვენი უწყებების მხარდაჭერისთვის და ხმის ამაღლებისთვის მინდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი