მამუკა ბახტაძე - საქართველოს სუვერენული რეიტინგის ზრდა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა განაპირობა
მამუკა ბახტაძე - საქართველოს სუვერენული რეიტინგის ზრდა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა განაპირობა

რეიტინგის გაუმჯობესება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, მაგრამ ის არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და დავძლიოთ სიღარიბე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (S&P Global Ratings) მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა.

როგორც ბახტაძე „ფეისბუქზე“ წერს, საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წარმატებაა იმის ფონზე, რომ მსხვილ ეკონომიკებსა და მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები შეინიშნება.

„ყველას გილოცავთ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იმის ფონზე, რომ მსხვილ ეკონომიკებსა და მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები შეინიშნება. რეიტინგის გაუმჯობესება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, მაგრამ ის არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და დავძლიოთ სიღარიბე.

რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა. განსაკუთრებით იქნა აღნიშნული: სავაჭრო დეფიციტის შემცირება; ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები; ეროვნული ბანკის გაზრდილი რეზერვები; მიწის რეფორმა; დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლების რეფორმა (რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის 25% ყოველთვის მოხმარდება ეროვნულ იდეას – განათლებას)“,- აცხადებს ბახტაძე.

ყოფილი პრემიერის თქმით, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა, რომ საქართველომ  საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს.

„სამწუხაროდ, სიღარიბე საქართველოში რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია – ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ის უზრუნველყოფს ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი ეკონომიკური პრობლემების სისტემურ გადაჭრას.

როგორც ჩემს ბოლო მიმართვაში აღვნიშნე და დღევანდელი დღე ამის დასტურია, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა საინვესტიციო რეიტინგის მიღების. ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ სიღარიბესა და ცხოვრების ევროპულ დონესთან მიახლოვების რეალური პროცესის დაწყებას“,- წერს მამუკა ბახტაძე.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.