მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია
მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია

ჩემთვის გასაოცარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდნენ ოპონენტები, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე, საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობა ამ ეროვნულ იდეას აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

„სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები, მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და აცდენილია ჩვენს ეროვნული ინტერესებს, მაგრამ ასეთებიც გამოჩნდნენ. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო და თქვენ წინაშე ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – ამ ეროვნულ იდეას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სწორედ ეს ეროვნული იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი, მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში. მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და განათლებული ერისა და ქვეყნის მქონე შვილებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.