ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება 
ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება 

ბათუმში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერმა აღნიშნული საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება განათლების სისტემის რეფორმაზე.

„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში, თქვენს ულამაზეს ქალაქში დავიწყებდით ისეთივე ულამაზესი საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს შენდება თბილისში და შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში განთავსდება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.

„იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. გვაქვს  ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. აჭარაში გვყავს ძალიან ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება, მათთვის შეიქმნება, რათა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება,  საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ შეუძლიათ თავიანთი ნიჭისა და ცოდნის რეალიზება. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უსაფუძვლო კრიტიკა ისმის.

„ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. რატომ არის ეს ეროვნული იდეა – ეროვნული იდეა განათლება იმიტომ არის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა,  რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყნად.  ეს ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი, და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისათვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა დავძლიოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის  პროექტის რეალიზება ბათუმში ხდება.

დატოვე კომენტარი