მამუკა ბახტაძე - მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ სამთავრობო პროგრამის რეალიზაციას
მამუკა ბახტაძე - მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ სამთავრობო პროგრამის რეალიზაციას

მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის რეალურ ცხოვრებაში რეალიზაციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ პარლამენტში მოვდივართ, რომ პარლამენტს ნდობა ვთხოვოთ და მცირე მთავრობის კონცეფცია წარმოვადგინოთ, ვინაიდან სწორედ მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე შევძლებთ იმ პროგრამის რეალურ ცხოვრებაში რეალიზაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნა.

მინდა, ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილო პროგრამაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს. პროგრამა სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს, მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა თავის აღსრულებაში ოპერატიული და ეფექტური იყოს, საჭიროა, ჯერ მცირე მთავრობის კონცეფცია მივიღოთ და შედეგად წარმოდგენილი პროგრამის რეალიზაცია დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, მცირე ზომის მთავრობა ნიშნავს მის მცირე წილს ქვეყნის ეკონომიკაში. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქვეყნის ბიუროკრატია და ზოგადად, მმართველი ორგანოები უნდა იყოს იმ ზომის, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად.

„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული პროგრამა. შესაბამისად, ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მცირე ზომის მთავრობა გვჭირდება, რათა გადაწყვეტილებები ეფექტურად და ოპერატიულად იქნას მიღებული. რაც მთავარია, დრო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან იმ დღემდე, როდესაც ჩვენი მოქალაქე ამ გადაწყვეტილების შედეგად იგრძნობს მიღებულ სერვისს ან სიკეთეს, მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული. აქედან გამომდინარე, არც ერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ, პირიქით, სამინისტროების შერწყმა ორგანულად განხორციელდება ფუნქციებისა და ამოცანების მიხედვით.

რაც მთავარია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ეკონომიკას სახელმწიფი მმართველობითი აპარატის შენახვა ძალიან ძვირი არ უჯდებოდეს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური ზღვარი შემოგვაქვს. ეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%-ია, რაც თანხაში ნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, საშუალებას მოგვცემს, თავისუფალი რესურსის სახით დააახლოებით 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ ​და იმ სოციალურ პროგრამებზე და მათ შორის, განათლების მიმართულებაზე მივმართოთ, რომელიც ჩვენი გადასახედიდან უფრო დიდი პრიორიტეტია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში უკვე მოუსმინეს. შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციებში, უმრავლესობის და უმცირესობის წევრებთან გრძელდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მაუკა ბახტაძეს საპარლამენტო უმრავლესობაში უსმენენ.