მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს დღეს შეხვდება 
მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოსა და ჯონ ბოლტონს დღეს შეხვდება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყება. მოლაპარაკებების შემდეგ, მამუკა ბახტაძე და მაიკ პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დღის მეორე ნახევარში კი, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თეთრ სახლში. მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.

12 ივნისს პრემიერ-მინისტრი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას გახსნის, რომელიც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძე შეხვედრებს გამართავს სენატორებსა და კონგრესმენებთან, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.