მამუკა ბახტაძე - კასპის ცემენტის ახალი ქარხანა ნათელი მესიჯია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება კომფორტული და დაცულია
მამუკა ბახტაძე - კასპის ცემენტის ახალი ქარხანა ნათელი მესიჯია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება კომფორტული და დაცულია

კასპის ცემენტის ახალი ქარხანა კიდევ ერთი მესიჯია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება არის კომფორტული და დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კასპის ცემენტის განახლებული ქარხნის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ობიექტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის მიმცემი იქნება.

„კასპში ცემენტის წარმოებას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კასპში ახალ თანამედროვე ხაზს ვხსნით. ეს ობიექტი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულის მიმცემი. საქართველოში ცემენტის წარმოება ყოველთვის ტრადიციული ინდუსტრია გახლდათ. ჩვენ გვჭირდებოდა ახალი ტექნოლოგიები, რათა ეს სექტორი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო. ქარხანა არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ახალი ხაზის გაშვებით საქართველოში ცემენტის წარმოება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.

„ინვესტიციების რაოდენობამ მთლიანობაში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც ჩაიდო სამი ორგანიზაციის მიერ: „ჰაიდელბერგ ცემენტი“, „ჰანიველ პარტნერსი“ და „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის ჩვენს ეკონომიკაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ახალი ქარხნის კონტექსტში ეკოლოგიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები ამ თვალსაზრისით მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ.

„მოგეხსენებათ, კასპში წლების განმავლობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. მინდა, წარმატებები ვუსურვო ქარხანას, აქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. ეს ქარხანა გახლავთ კიდევ ერთი ნათელი მესიჯი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება არის კომფორტული, დაცული, საქართველოში შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი წარმოების განვითარება და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება.

კასპში დღეს ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა.