მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის ფასდაუდებელია ანგელა მერკელისა და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი
მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის ფასდაუდებელია ანგელა მერკელისა და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი

დარწმუნებული ვარ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ  ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში, როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, იმ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან ისტორიასაც ერთობლივად აღვნიშნავთ 2018 წლის საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოსთვის ფასდაუდებელია გერმანიის კანცლერისა და მთავრობის ურყევი მხარდაჭერა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ,  ისევე როგორც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ  განსაკუთრებით ვუფრთხილდებით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის საამაყოა, რომ ის გერმანიისთვის ერთგული და საიმედო პარტნიორია. პრემიერ-მინისტრმა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას გაუსვა ხაზი.

„გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ჩვენი მხარდამხარ დგომასა და ურთიერთმხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველომ წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა. მისი ევროპული არჩევანი კი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური არჩევანია.

„ქალბატონო კანცლერო, თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა. ჩვენი ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ის ცივილიზაციური არჩევანია. ქვეყანა, რომელიც დღეს თქვენ გმასპინძლობთ, არა მხოლოდ ევროპული ქვეყანაა, არამედ ის  არის საკმაოდ დიდი წვლილის შემტანი საერთო ევროპული ცივილიზაციისა და მისი ღირებულებების ფორმირებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრამდე კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.