მამუკა ბახტაძე - 2022 წელს საქართველოში პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება
მამუკა ბახტაძე - 2022 წელს საქართველოში პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება

გპირდებით, 2022 წელს საქართველოში პედაგოგისთვის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა განათლების სისტემის რეფორმის განუყოფელი ნაწილია.

„ჩემთვის არის პირადი ტრაგედია, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალოსტატისტიკურზეც კი დაბალია და ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. როგორც დაგპირდით, შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით სულ მცირე 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და გპირდებით, 2022 წელს მინიმალური ხელფასი საქართველოში პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800 ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ქვეყანამ, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, შესაძლოა წარსულიც კი დაკარგოს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს, განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსების არქონის პირობებშიც კი, შეძლეს და ჩვენამდე მოიტანეს დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები, ახალი ხედვა და ჩვენ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.