მამა ანდრია ჯაღმაიძე - გვადარდებს კანონების ისე მიღება, რომ მოსახლეობის აზრი არ არის გათვალისწინებული, ხალხი ამის გამო გულნატკენია
მამა ანდრია ჯაღმაიძე - გვადარდებს კანონების ისე მიღება, რომ მოსახლეობის აზრი არ არის გათვალისწინებული, ხალხი ამის გამო გულნატკენია

გვადარდებს კანონებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ისე მიღება, რომ მოსახლეობის აზრი არ არის გათვალისწინებული, ხალხი ამის გამო გულნატკენია, – ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან კანონებს ხელისუფლება საზოგადოებასთან უნდა ათანხმებდეს.

„ძალიან გვადარდებს კანონების ისე მიღება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების ისე მიღება, რომ მოსახლეობის აზრი არ არის გათვალისწინებული. ჩვენი მოსახლეობა ძალიან გულნატკენია ამის გამო, რომ ხელისუფლება, რომელიც მასთან უნდა ათანხმებდეს ასეთ მნიშვნელოვან კანონებს, რაღაც უჩუმრად ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებებს, ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა მთავრობასთან კონსულტაციებს, მამა ანდრია პასუხობს, რომ მას არ ეხება მთავრობასთან კონსულტაციები.

„იმდენად მოულოდნელი იყო, რაც გააკეთეს, რომ ჩვენ სამოქმედო გეგმა ამასთან დაკავშირებით არ გვქონდა. ჩვენ ვუსმენთ მოსახლეობის გულისტკივილს და ვსაუბრობთ ამაზე, რომ ადამიანებს გული სტკივათ, რომ ის იმედები, რომელიც მათ ხელისუფლებისადმი გააჩნიათ, ფერმკრთალდება იმის გამო, რომ ხდება მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, ხალხთან შეუთანხმებლად. ის, რაც ყველა ოჯახს ეხება. ასეთი გადაწყვეტილებები საჯარო მსჯელობის საგანი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, ხვალ სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს

მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

დატოვე კომენტარი