მალტის პოლიციამ კიტ შემბრი პატიმრობიდან გაათავისუფლა
მალტის პოლიციამ კიტ შემბრი პატიმრობიდან გაათავისუფლა

მალტის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კიტ შემბრი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავ უწყებას ამ ეტაპზე შემბრის პატიმრობაში დატოვების მიზეზი არ აქვს.

პატიმრობაში რჩება ბიზნესმენი იოგენ ფენეხი. ბიზნესმენის ადვოკატმა ქვეყნის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. სწორედ ფენეხთან კავშირის გამო დააკავეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კიტ შემბრი.

კიტ შემბრიც და იორგან ფენეხიც მალტაში 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის საქმეზე დააკავეს.

ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია მთავრობის კორუფციულ საქმიანობაზე მუშაობდა. დაფნა კარუანა გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.