მალხაზ თოფურია – 35 წელი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ბარამიძე ისევ კარიერისთვის იღვწის, ტყვეებს ვცლიდიო… ქართველები რომ ხვრეტდნენ, იმ ტყვეებსო

20:44, 05.08.2026

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

მალხაზ თოფურია იხსენებს 1993 წლის მარტის ამბებს და წერს:

„1993 წლის მარტის მეორე ნახევარია, სისხლის სუნი დგას მთელ აფხაზეთში.

16 -17 მარტის აფხაზთა კონფედერატთა და რუსთა შემოტევა სოხუმზე კრახით დასრულდა სეპარატისტებისთვის, რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი დაეცა სოხუმის დაცვისას, მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს, ბევრი ტყვე და გვამი რჩება სოხუმში, სიტუაცია მოითხოვს სასწრაფოდ ამოქმედდეს ტყვეთა, გვამთა (დიახ, ესაც ომის მწარე რეალობაა) და აქეთ იქით ჩარჩენილი მშვიდობიან მოსახლეთა გაცვლის ამოქმედებას… მე გუდაუთაში მიშვებენ ამ გაცვლის კომისიის ფარგლებში, თან მომყვება „საღამო მშვიდობისას“ ჟურნალისტი, ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი…

არანაირი გარანტია იქიდან ცოცხლად დაბრუნების. ყოველ მეორე სახლში დაღუპულის გასვენება და გამწარებული ჭირისუფლები (ხშირ შემთხვევაში ცარიელი სასახლეებით). მოხერხდა ბევრი სასიკეთო რამ  – 300- 300 მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად მოხუცები, გვამები  – ყველა ყველაზე, ასევე ტყვეებიც ყველა ყველაზე გადაიცვალა … სამართლიანობა ითხოვს ამ კეთილ საქმეში ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის დაუღალავ და უანგარო შრომის აღნიშვნას და აფხაზებიდან ბესლან კობახიასი… რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იქ ყოფნისას და რა არაადამიანობებს ან პირიქით, რა ამღლებულ ღირსებით სავსე ადამიანებს (სხვადასხვა ეთნოსის) გადავაწყდი იქ, ამის აღწერას აქ არ დავიწყებ. . . ორი კვირის შემდეგ, დავბრუნდი (დავბრუნდი დანევროზებულ სიგიჟის ზღვარზე),  იქ ყოფნა ჩემთვის ომზე ბევრად უარესი აღმოჩდა. . .

დაბრუნების დღეა, ბოლო 150 ქართველიც ჩამოვიყვანეთ გემით, ჩვენ (ქართულ) შტაბში ვარ ცხონებულ სოსო მარგიშვილთან, ტელევიზორს მივჩერებივართ. გვაინტერესებს როგორ გაშუქდა… პირველ არხზე (მეტი არც იყო მაშინ) აჩვენებენ გამოწკეპილ, გამოპრანჭულ დეპუტატ გიორგი ბარამიძეს სოხუმის აეროპორტში (იმ დღეს ჩამოფრინდა). ინტერვიუს იძლევა, თუ რა სირთულეები გადახდა ამ ადამიანების გაცვლისას, რაც გაიცვალა… სიმწრით მეღიმება, მაგრამ არ ვბრაზდები, სოსო ბრაზდება, აეროპორტის კომენდატურაში რეკავს და თხოვს, ბიჭებს ბარამიძე შტაბში მოათრიონ… მოათრიეს!

–    არ გრცხვენია? ნამუსი სულ არა გაქ? ამან რაღა თქვას ხელს იშვერს სოსო ჩემკენ.
–    კარგით რა, ბიჭებო, თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი…

პ.ს. 35 წელი გავიდა, არაფერი შეცვლილა. ის ისევ კარიერისთვის იღვწის მეც ისევ ისე ვარ). ტყვეებს ვცლიდიო, ამ ნაბიჭვარმა, ქართველები რომ ხვრეტდნენ, იმ ტყვეებსო…“.

მსგავსი