მალხაზ მაჩალიკაშვილი - მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული

მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მისი ძმისშვილის ბრალეულობას 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.

„მორის მაჩალიკაშვილის დაკავება არის პირდაპირი შურისძიება, რახან მე გავუშალე კარავი. ყველამ კარგად იცის, იმ დღეს, როცა დავაპირე კარვის გაშლა, იყო წინააღმდეგობა საპატრულო პოლიციის მხრიდან. მატყუებდნენ, რომ მერიას უნდა ჩაეტარებინა ფილების რეაბილიტაცია, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, კარვის გაშლის უფლება მქონდა. 430 დღე-ღამეზე მეტია, ვდგავარ აქ. ჩემ გვერდით იდგა ჩემი ძმისშვილი, რომელიც თემირლანის მკვლელობის მერე, მყავს როგორც თემირლანი. ჰუსეინა, იგივე მორის მაჩალიკაშვილი, მხეცურად მოკლული თემირლანის იგივე ძმაა, ის თემირლანის ადგილას არის დაყენებული. სრული აბსურდია, რაშიც დღეს ადანაშაულებენ, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები არ მინახავს. იმ დღეს აქ იყო მთელი ქვეყანა. ყველამ კარგად ვიცით, ეს რასაც უკავშირდებოდა; ეს იყო გავრილოვის, მტრის ჩამოყვანა და ჩვენს თავზე დასმა. ჰუსეინა აქ არის 11 თვის განმავლობაში, იმის მოლოდინში, ამათ მხეცურად ჩადენილ დანაშაულზე როდის გაგვცემენ პასუხს. ის იმ აქციის ორგანიზების გულისთვის არ მოსულა. ჰუსეინა 11 თვეა, დგას აქ იმის მოლოდინში, როდის აღიარებს სახელმწიფო თავის ჩადენილ დანაშაულს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, პირადად არ უნახავს კადრები, სადაც ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი სამართალდამცველებს.

„თუ ჰუსეინ მორის მაჩალიკაშვილი, როგორც სხვები, პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, არ ვიცი, მე ეს კადრები არ მინახავს. თუნდაც რომ უწევდეს წინააღმდეგობას მორის მაჩალიკაშვილი, თუ სადღაც ჩაერია, თუ სადღაც ძალა გამოიყენა, ამ ხელისუფლებამ მიიყვანა მაგ დონემდე. ის იყო დაკავებული, გაასამართლეს, გაათავისუფლეს, მისცეს შენიშვნა.

ჩემი საქმიდან გამომდინარე, სრულ უნდობლობას ვუცხადებ შსს-საც, პროკურატურასაც და სასამართლოსაც. თუ როგორ ცდილობენ ჩემ საქმეზე ყველაფრის გაპრავებას გადაფარვას. მე უბრალოდ შოკში ვარ. როგორ უნდა მივმართო, ან რა უნდა ვუთხრა დღევანდელ ხელისუფლებას. ესენი რას ჩადიან, საიდან მოვიდნენ. გეუბნებით მართლა შოკში ვარ. იმედი მაქვს, დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას უშვებენ. ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავეს. შსს-ს მიერ დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია.

დატოვე კომენტარი