შსს-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია
შსს-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია

​შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ წუთას შემატყობინეს ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული, ედავებიან 225-ე მუხლის მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“, – აცხადებენ შსს-ში.