მალხაზ ჯალაღონია - უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობასა და დემოკრატიაზე
მალხაზ ჯალაღონია - უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობასა და დემოკრატიაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ არჩევანი უკვე გააკეთა. მან ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის მე-16 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. მალხაზ ჯალაღონიას თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს აღმშენებლობას, ისეთ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიასა და სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული.

„ხმა მივეცი საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობასა და დემოკრატიაზე, სადაც ახალგაზრდებს მომავალი და მოხუცებს ღირსეული სიბერე ექნებათ. მინდა, ამომრჩევლებს მოვუწოდო, არჩევნებზე მივიდნენ. აქ ნამდვილად უსაფრთხო გარემოა შექმნილი. თქვენ „კოვიდით“ არ დაავადდებით და მოდით არჩევნებზე, ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

ამასთან, ჯალაღონიას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება საუბრობს პროვოკაციებზე, ეს მისი თქმით, იმას მიუთითებს, რომ ხელისუფლებას გარკვეული სისუსტეები აქვს და რაღაცას ამზადებს.

„იმედი მაქვს, ისინი გაყალბებისგან თავს შეიკავებენ“, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მეორე ტურს, ჯალაღონია აცხადებს, რომ „ამას ჩვენ ვნახავთ 20:00 საათზე, რა შედეგებიც გვექნება“, – განაცხადა ჯალაღონიამ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.