მალი და აშორტია კარიერას „ბუნიოდკორში“ გააგრძელებენ #1TVSPORT
უზბეკურ კლუბ „ბუნიოდკორში“ ორი ქართველი ფეხბურთელი, ნიკოლოზ მალი და იმედა აშორტია ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ჩვენს გუნდს ქართველი ფეხბურთელები შეუერთდნენ, რომლებიც ახალი სეზონისთვის „ბუნიოდკორთან“ ერთად ემზადებიან. ნიკოლოზ მალი, რომელიც საქართველოს ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში თამაშობდა და იმედა აშორტია, რომელმაც ბოლო სეზონი მეზობელ ყაზახეთში გაატარა“, – წერია კლუბის ვებგვერდის გავრცელებულ ცნობაში.
ნიკოლოზ მალი 25 წლისაა. მარჯვენა მცველი „იბერიის“ (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია, ბოლოს კი ბათუმის „დინამოში გამოდიოდა.
იმედა აშორტია 28 წლის თავდამსხმელია. კარიერა მარტვილის „მერანში“ დაიწყო და რამდენიმე ქართულ გუნდში ითამაშა. 2022 წლიდან უცხოეთში წავიდა და ჯერ აზერბაიჯანულ „ტურანში“ თამაშობდა, ხოლო 2024 წელს ყაზახური კლუბის, ყარაღანდას „შახტიორის“ მოთამაშე გახდა.