მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე მალაიზიაში მიიწვია
მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე მალაიზიაში მიიწვია

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს საქართველოში 90-იანი წლებიდან, – ამის შესახებ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფიმ განაცხადა.

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობაში. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს საქართველოში 90-იანი წლებიდან. ეს საქართველოში ჩვენი მეორე ვიზიტია, 2015 წელს ჩამოვიდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. დღეს კი, მე, მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარე ვიმყოფები მალაიზია-საქართველოს მეგობართა ჯგუფთან ერთად, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა. საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ბევრ საკითხზე მიმდინარეობს, მათ შორის ვაჭრობის, ასევე საპარლამენტო საქმიანობაზე“, – განაცხადა იუსოფიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და მალაიზიის ურთიერთობები მჭიდრო გახდება.

„ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. მსურს, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო ჯგუფი მალაიზიის პარლამენტში მოვიწვიო, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გამყარდეს. მალაიზია ასევე სტრატეგიული ქვეყანაა სამხრეთ აზიის რეგიონში. იმედი გვაქვს, საქართველოს პარლამენტიდან ეს ვიზიტი შედგება“, – განაცხადა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ.

მალაიზიის პარლამენტის დელეგაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავასაც შეხვდა.