ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი მალაიზიაში ნიკოლოზ აფხაზავა და საქართველოში მალაიზიის საპატიო კონსული ჯემალ ინაიშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის მხრიდან მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი დიდი ხანია, არ შემდგარა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღინიშნული ვიზიტი ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რადგან მალაიზიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს.

ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2020“, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიო 190-ე ქვეყანას შორის მეშვიდეა.

„შეხვედრაზე მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს. მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენს მსგავსად, სურვილი აქვთ, ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრებს მოვუყევით, რომ განათლება არის ჩვენი მაღალი რანგის პრიორიტეტი – 2022 წლიდან ჩვენი მშპ-ს 6 პროცენტი დაიხარჯება სწორედ განათლების რეფორმასა და განათლების სექტორში, ასევე ვისაუბრეთ პროფესიული განათლების თვალსაზრისით არსებულ საჭიროებებზე. შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ჩვენს უნივერსიტეტებს, წარმართონ სტუდენტური გაცვლის პროგრამები,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ერთობლივი ბიზნესფორუმების მოწყობასა და ორივე ქვეყანაში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დასახელდა პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება და სხვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის ბაზარი მიმზიდველია საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის. ამავე დროს, მალაიზიურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ეფექტიანობით, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს სივრცესთან და სხვა ქვეყნებთან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მალაიზიის ბიზნესწრეების დაახლოებასა და ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩატარებას.