გიორგი მაკარიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გადასულ „ერზრუმში“ გააგრძელებს, – საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „სეტუბალის“ მეკარეზე ინფორმაციას „ოლთუმედია“ ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც მეკარე იბრაჰიმ შეჩიჩი „კონიასპორში“ გადავიდა, „ერზრუმმა“ მეკარის ძებნა დაიწყო და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძის გადაბირებით დაინტერესდა. შეთანხმება უკვე მიღწეულია. მაკარიძის ტრანსფერი, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება და საზოგადოებასთვის ახალწვეულს წარუდგენენ“, – წერს გამოცემა.
193 სმ სიმაღლის გამოცდილი მეკარე პორტუგალიურ გუნდში „ვიტორია სეტუბალში“ ასპარეზობდა, გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა. 30 წლის მაკარიძემ 13 თამაში უგოლოდ ჩაატარა და საერთაშორისო ვებგვერდმა „გოლპოინტმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.