მეორე ქართველი მეკარე ლა ლიგაში - მაკარიძის „ალმერია“ სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონია #1TVSPORT
შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის შემდეგ, ლა ლიგაში მეორე ქართველი მეკარეც ვიხილოთ – „ალმერია“, სადაც გიორგი მაკარიძე თამაშობს, სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგი სეზონიდან ლა ლიგაში ითამაშებს.
მაკარიძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. 2009 წლის 10 იანვარს 17 წლის ასაკში ფრანგულ„ლე მანთან“ 800 000 ევროდ შეფასებული კონტრაქტი გააფორმა. წლების განმავლობაში „ლე-მანი“ პირველ დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა 2013 წელს მესამე ლიგაში გადავიდა, რასაც გუნდის დაშლა მოჰყვა და გიორგიმ კლუბი დატოვა.
2014 წლის აპრილში მაკარიძე კვიპროსულ „დოქსაში“ გადავიდა, აგვისტოში კი პორტუგალიურ „ფეირენსეში“ ჩაირიცხა, სადაც 2016 წლამდე წარმატებით გამოდიოდა. ამის შემდეგ ქართველი კიპერი „მორეირენსეში“ მიიწვიეს და დიდი როლი ითამაშა, 2017 წელს გუნდი პორტუგალიის თასის მფლობელი რომ გახდა.
2018 წელს მისი ტრანსფერი პორტუგალიურ „ბენფიკაში“ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა საბოლოოდ მოთამაშე ამავე ლიგაში მოასპარე„რიუ-ავეს“ შეუერთდა და თითქმის ერთი სეზონი გაატარა. 2019 წლის იანვარში „რიუ-ავესთან“ ურთიერთშეთანხმების შედეგად გაწყვიტა კონტრაქტი და პორტუგალიურ „ვიტორია სეტუბალში“ გადავიდა, 2020 წლის 12 სექტემბერს კი ორწლიანი კონტრაქტი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ალმერიასთან“ გააფორმა.
გიორგი მაკარიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 17 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ლევან ყენიასთან და ლევან მჭედლიძესთან ერთად სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ „ჯვაროსნების“ კარი 15-ჯერ დაიცვა.
თუმცა, ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა მაკარიძე გუნდში, სადაც სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა – ერთი ჩემპიონატში, სამი – ესპანეთის თასზე. ძირითადი მეკარე კი ფერნანდო მარტინესი იყო, რომელმაც სეგუნდა დივიზიონში 41 მატჩი ჩაატარა.