მაკა ბოჭორიშვილი - ყველას ექნება საშუალება, ნახოს კითხვარი, თუ რა აინტერესებს ევროკავშირის მხარეს, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით შეფასება მომზადდეს
მაკა ბოჭორიშვილი - ყველას ექნება საშუალება, ნახოს კითხვარი, თუ რა აინტერესებს ევროკავშირის მხარეს, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით შეფასება მომზადდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში წარმოადგინა პირველი ანგარიში, თუ რა ღონისძიებები გატარდა იმისთვის, რომ კითხვარი დროულად და კარგად იყოს შევსებული, ისე როგორც ამას ევროკომისია ელოდება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კითხვარი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მობილიზებულია შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უნდა ჩაერთონ კითხვარის შევსებაში.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ამ პროცესს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ორი კვირის თავზე კიდევ შევიკრიბებით და პროგრესის შესახებ მოვისმენთ ანგარიშს. რა თქმა უნდა, მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და კარგად იქნას შევსებული კითხვარი და მასში უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო წარმომადგენლის ჩართვა, რათა მიზანს მივაღწიოთ.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც კითხვართან მიმართებით გაჩნდა. ბუნებრივია, რამოდენიმე დღე საჭირო იყო კითხვარის დასამუშავებლად, რათა ჩვენ გვცოდნოდა, რა საჭიროებებია მის შევსებასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტაციები გაგვევლო ჩვენს პარტნიორებთან კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობდა რაიმე სხვა პოზიციები. შესაბამისად, დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კითხვარი იქნება საჯარო. ყველას ექნება საშუალება, ნახოს კითხვები, რა აინტერესებს ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ მომზადდეს შეფასება საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გვქონდეს ოპტიმისტური განწყობა და მოლოდინები ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ძალიან მტკიცედ დგას ამ საფუძვლებზე. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ 2014 წლიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გვქონდეს ოპტიმისტური განწყობა და მოლოდინები ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე პარტნიორების მხრიდან დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი 11 აპრილს ბრიუსელში გადასცა.