მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ქალთა კვოტირება რაღაც ეტაპზე საჭირო იყო, თუმცა, ვფიქრობ, ქალების მართლა გაძლიერებისთვის უმჯობესი იქნება, რომ გენდერულად თანაბარ პოზიციაში ვიყოთ
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ქალთა კვოტირება რაღაც ეტაპზე საჭირო იყო, თუმცა, ვფიქრობ, ქალების მართლა გაძლიერებისთვის უმჯობესი იქნება, რომ გენდერულად თანაბარ პოზიციაში ვიყოთ

მგონია, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრი ღირსეული ქალბატონია, რომელთაც კვოტირების გარეშეც კარგად შეუძლიათ, პოლიტიკაში თავი დაიმკვიდრონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ბევრი ღირსეული ქალბატონია, ვინც პოლიტიკას მშვენივრად გააკეთებდა.

„შეიძლება, ქალთა კვოტირება რაღაც ეტაპზე საჭირო იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალების მართლა გაძლიერებისთვის და ჯანსაღი კონკურენციისთვის უმჯობესი იქნება, რომ გენდერულად თანაბარ პოზიციაში ვიყოთ, რადგან ქალისა და კაცის თვისებებს არანაირი აზრი არ აქვს, როცა საქმე ეხება პოლიტიკას, ყველას ერთნაირად ევალება ქვეყნისა და საქმისადმი სიყვარული და ერთგულება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს თუ დაუჭერს, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

უმრავლესობა ეთანხმება კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს.