მაკა ბოჭორიშვილი – სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება
სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კომენტართან დაკავშირებით ავრცელებს.
„ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის.
თუმცა, ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას – არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია“,- აღნიშნულია მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.